პრეზიდენტი: არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, არ აღიარებს ამ არჩევნებს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ
28/10/2024 16:26:23 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე არჩევნების გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილ დემონსტრანტებს ერთგვარი ანგარიში წარუდგინა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
კერძოდ, თქვა, რომ ესაუბრა დაახლოებით, 17 საერთაშორისო მედიას, ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისაც, ესაუბრა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს და არავინ აღიარებს ამ არჩევნებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ სრული სურათის ასახვისთვის მუშაობის გაგრძელებაა საჭირო და ამ გამოძიებაში შესაძლოა, საერთაშორისო დახმარებაც იყოს ხელმისაწვდომი.
"წაიკითხავდით მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან. სახელმწიფო მდივნის მკაფიო განცხადება იყო. არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [საუბარია ვიქტორ ორბანზე - რედ.], არ აღიარებს არსებულ არჩევნებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ...სხვათა შორის, შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული - და ეს ვიცი - ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით - თქვენც გაქვთ ბევრი მტკიცებულება - უნდა შევქმნათ სრული სურათი, თუ როგორ მოხდა ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების ასე მასიურად, ასე სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ხმები, წაგვართვა პარლამენტი, კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშავოთ, რომ დავდოთ შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი",- თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა რომ ოპოზიციონერები თავად ეტყვიან ადამიანებს სათქვემს, "ჩვენ ერთად ვართ. არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგებს ასეთ დღეში. ერთად ვართ და ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ხართ, დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ, მეტი არაფერი გვაქვს - მეც, სხვათა შორის, გარდა ხმისა. ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ".


