
"არ შეიძლება, ეს ქვეყანა იყოს ზოოპარკი!" - რუსთაველი გადაიკეტა
28/10/2024 15:25:07 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისში რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია.
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან საპროტესტოდ შეიკრიბნენ, არ ცნობენ რა არჩევნების ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს. მანამდე მათ სიმბოლურ აქციაზე შეკრებისკენ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა, რომელიც ასევე უნდობლობას უცხადებს გამოცხადებულ შედეგებს. როგორც დაანონსებულია, დემონსტრანტებს პრეზიდენტი მიმართავს, ხოლო ოპოზიცია სამოქმედო გეგმას წარადგენს. მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ითქვა, მათ გაუზიარეს დარღვევების შესახებ მონაცემები.
"ერთი სიცოცხლე გვაქვს, ახალგაზრდობა გვაქვს ერთი! არ შეიძლება, მუდმივად ვიტრიალოთ ბორბალში, საიდანაც გამოსვლა არ გვიწერია. გვსურს თავისუფლება, დამოუკიდებლობა! არ შეიძლება, ეს ქვეყანა დარჩეს ერთი ადამიანის კარ-მიდამოდ, არ შეიძლება, ზოოპარკი იყოს! ჩვენ ადამიანები ვართ! ჩვენი ევროპული საქართველოსკენ გვაქვს გეზი! არ ვაღიარებთ შედეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციაც გამოფხიზლდება და რეალური ძალა იქნება. აქ დგომა სამოქალაქო ვალდებულებაა! სახლში დარჩენა დანაშაულია!",- ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც აქციაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდა.