
რუდენკო: "რუსეთი ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის საკითხს ყველა ფაქტორის შეფასებით გადაწყვეტს"
11/02/2020 07:26:15 საგარეო პოლიტიკა
მოსკოვს აშფოთებს ქართული ოპოზიციის ხელისუფლებისადმი მოწოდებები, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში დაგეგმილ სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობა არ დაუშვას, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი "ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა დონეზე იქნება რუსეთი წარმოდგენილი ამ სხდომაზე".
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს პროვოკაციული გამონათქვამები, მაგრამ უმეტესწილად ორიენტირებული ვართ თბილისის ოფიციალურ პოზიციაზე. ჩვენი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. იმედია, ასე მოიქცევა საქართველოს ხელისუფლებაც“, - განაცხადა რუდენკომ.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭის მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. ამ სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სავარაუდო მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებენ.