
Trammo ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად 20 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს
11/02/2020 07:00:58 ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკული კორპორაციის Trammo აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.
"Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს. Forbes-სის მონაცემებით Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს“, - ნათქვამია პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.