პრეზიდენტი: ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, ვფიქრობ, ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ განაჩენს
28/10/2024 11:47:15 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების წინასწარ შეფასებას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან, მათ [საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე] ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები.
„დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ინციდენტების შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე. არჩევნების [ოფიციალური] შედეგები ეწინააღმდეგება ყველა გამოკითხვის ტენდენციას, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით „რუსული კანონისა“ და ქუჩებში პროტესტის შემდეგ და რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს, შეინარჩუნოს ევროპული გზა. ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ განაჩენს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


