გახარია: გაყალბების სქემების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა სუს-ის და ცესკო-ს კოორდინაციის გარეშე, გვაქვს მტკიცებულებები, მივმართავთ პროკურატურას
28/10/2024 11:14:06 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი გუნდი დღეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ეძებოს და გამოავლინოს ის დასაბუთებები, "გაყალბების რომელ სქემებს ჰქონდა სისტემული ხასიათი, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ხალხის ნებაზე".
მან ბრიფინგზე თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, გამოვლენილი მტკიცებულებები მიეწოდათ პარტნიორებს.
მათ შორისაა, გახარიას თქმით, კომისიების დაკომპლექტება ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირებით, საჯარო მოხელეებით და ქართული ოცნების წევრებით, ზეწოლა საჯარო მოხელეებსა და სოციალურ დაუცველებზე, ამ პროცესში მათი ოჯახის წევრებიც ჩართვაც.
"ეს ადამიანი ოცნებამ ფაქტობრივად მძევლად აიყვანა",- თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი სქემაა სისტემურად მოსყიდვა და პირადობის მოწმობებით მანიპულირება - ჩამორთმევა, ხმის მისაცემად გამოყენება.
გახარიამ თქვა, რომ ამ სქემების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა სუს-ის და ცესკოს კოორდინირებული მუშაობის გარეშე, აქვს "საკმარისზე მეტი მტკიცებულება" და მიმართავს პროკურატურას.


