ბრიტანელი მინისტრი: OSCE/ODIHR–ის წინასწარ დასკვნებში ასახული დარღვევები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების გზას უნდა დაუბრუნდეს
28/10/2024 10:10:15 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ OSCE/ODIHR–ის წინასწარ დასკვნებში ასახული დარღვევები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების გზას უნდა დაუბრუნდეს.
“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა.
ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის", – აცხადებს დაუთი.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


