Accentnews.ge
პრემიერი მოსახლეობას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ჰპირდება

პრემიერი მოსახლეობას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ჰპირდება

28/10/2024 07:51:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსახლეობას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ჰპირდება. შესაბამისი განცხადება მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე გააკეთა.

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება "ასოცირების შესახებ" და "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ევროკავშირში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია".

რა თქვეს ევროკავშირში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროპული კომისია

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს. მანამდე კი ბორელი და ევროპული კომისია "საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად, გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დავები და ბრალდებები".

გარდა ამისა, ისინი "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ "აგენტების კანონი" ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი" და მმართველ პარტია კანონის გაუქმებისკენ კვლავ მოუწოდებენ.

  • "ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე“.
  • უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო.
  • მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად.
  • ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.
  • კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ სავარაუდო საარჩევნო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს.

როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, "ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს".

  • "საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ. მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ქვეყნის მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლის მიმართ, რაც ასევე შეესაბამება ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნებს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს დაადგენს", – აცხადებს მიშელი.
  • რა წერია ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნაში

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა "ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს". ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".

  • "ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
  • ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.
  • ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.
  • საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი", – ნათქვამია დასკვნაში.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S