პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუხადა: "ამოცანებს სრულფასოვნად გაართვა თავი"
28/10/2024 07:34:29 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული მთავრობის პირველი სხდომა მადლობის გადახდით დაიწყო.
მან განსაკუთრებული მადლობა "ეროვნული ინტერესების და მშვიდობის დასაცავად" გამოსულ თანამოქალაქეებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუხადა.
"პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დათვლილ იქნა ელექტრონული წესით. რა თქმა უნდა განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ისევე, როგორც სხვა ამოცანებს, ცესკომ სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკოს და მთლიანას საარჩევნო ადეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ", –განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


