მოსკოვი ქართველ ემიგრანტებს "ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მართულ მოღალატე, გადაჯიშებულ დებილებად" წარმოაჩენს და მათი ხმების გაუქმებას მოითხოვს
28/10/2024 07:17:38 პოლიტიკა
პუტინის პროპაგანდა ქართველ ემიგრანტებს "ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მართულ მოღალატე, გადაჯიშებულ დებილებად" წარმოაჩენს და აცხადებს, რომ "უნდა გაუქმდეს ყველა იმ ქართველი ემიგრანტის ხმის უფლებაცა და 26 ოქტომბრის არჩევნებში მიცემული ხმაც, რომელიც რომელიმე სხვა პარტიას ერგო, "ქართული ოცნების" გარდა".
ცნობისთვის: უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებით, დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია

ამ შედეგებს დღეს კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი დაუფარავი რისხვით გამოეხმაურა, ემიგრანტები შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკო და ხმის უფლების გაუქმება მოითხოვა ყველა მათგანისთვის, რომელმაც "ქართულ ოცნებას" არ მისცა ხმა.
დუგინის მტკიცებით, ქართულ არჩევნებში მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები უნდა მონაწილეობდნენ, ხოლო ისინი, ვინც ქვეყნიდან წავიდნენ და უცხოეთში დარჩნენ, არიან "რელოკანტები" და "მოღალატეები", რომელთაც ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
"თუ ქართველი ხარ, უნდა იცხოვრო და ხმა მისცესა ქართველოში და საქართველოსთვის! ხოლო თუ საქართველოში არ ხარ და თან ხმას იმას აძლევ, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ?! - ხარ რელოკანტი, ხარ მოღალატე და შენი ხმა არ უნდა ჩაითვალოს! მე პირადად ჩავთვლიდი ხმათა მხოლოდ იმ 13%-ს, რომელიც "ოცნებამ" მიიღო - დანარჩენებს გავაბათილებდი, რადგან შეუძლებელია, ის დანარჩენი ხმები ქართველებს ეკუთვნოდეთ - ეს უბრალოდ გაუმართავობის შედეგია სისტემა დომინიონში, რომელიც ევროპულ სერვერებზეა განთავსებული და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ კონტროლდება" - წერს დუგინი.
ჩვეული კრემლისტური ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში იგი ქართველ ემიგრატებს "ლგბტ-თემის ან წარმომადგენლებად, ან, მინიმუმ, დამცველებად" ასაღებს და აცხადებს, რომ ისინი "ხმის უფლებას არ იმსახურებენ":
"ხმის მიცემა უნდა იცოდე და უპირველესად, იმსახურებდე მას! ლგბტ-ებსა და მათ დამცველებს არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ, რადგან ასეთები ავტომატურად არიან გადაჯიშებული, გაუკუღმართებული დებილები, ნარკომანები ან, რაც კიდევ უარესია, ლიბერალები! ასეთების ადგილი კლინიკებსა და იზოლატორებშია და არა საარჩევნო უბნებზე! უნდა დაწესდეს ფეისკონტროლი, ჯერ ის გაიარონ, შემდეგ - OSINT-ის პროცედურა და მხოლოდ მათი წარმატებით გავლის შემდეგ დაიშვებოდნენ არჩევნებზე, ისიც - მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" ან კიდევ უკეთესისთვის - პროქართულისთვის და საფუძვლიანისთვის ხმის მისაცემად!".
ამ კონტექსტში კრემლის იდეოლოგი საქართველოს მმართველ პარტიას "ხმის მიცემის კურსების" გახსნასა და ამომრჩეველთა მკაცრ ფილტრაციას ურჩევს:
"ქართული ოცნების" ადგილზე რომ ვიყო, გავხსნიდი სწორი ხმის მიცემის კურსებს და მხოლოდ ამ კურსების გავლის შემდეგ გავცემდი ნებართვებს - პასუხისმგებლობიანი ამომრჩევლის მოწმობასო".
ცნობისთვის: რუსი პოლიტიკოსების, ჩინოსნებისა და პროპაგანდისტების მსგავსად, არჩევნების დღეს და შემდეგ დუგინმაც უკვე არაერთი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად.


