მოსკოვი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ შეტევებს განაგრძობს
28/10/2024 06:31:12 პოლიტიკა
მოსკოვი აგრძელებს აქტიურ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მცდელობებს, საქართველოს კონსტიტუციაში სავალდებულოდ დასაცავად გაწერილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი "ანტიქართულად" წარმოაჩინოს, "ქართული ოცნება" კი, რომელიც ცსკ-მ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა - "საქართველოს დასავლელი კოლონიზატორებისგან მხსნელად". ამ ფონზე არ წყდება რუსეთის ვერბალური თავდასხმები საქართველოს პროდასავლელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც კრემლის პროპაგანდა "ანტიქართველად" წარმოაჩენს.
დღეს მორიგი ასეთი მცდელობა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განახორციელა.
ზურაბიშვილის სიტყვებს იმის შესახებ, რომ იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერავინ წაართმევს, იგი ჩვეული ანტიდასავლური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივებით გამოეხმაურა:
"სიბეცეა, ფიქრობდე, რომ ევროკავშირი ვინმეს "ევროპულ მომავალს" აჩუქებს. "ევროპული მომავალი" ვაშინგტონმა სულ ცოტა ხნის წინ წაართვა თავად ევროკავშირს, რომელიც რესურსების სტაბილური წყაროს გარეშე დატოვა, ეკონომიკა ჩამოუშალა, გადაიბირა ბიზნესის ფლაგმანები, მანამდე კი გადაავსო არალეგალი მიგრანტებით, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული ავანტიურების გამო მილიონობით მიაწყდნენ ევროპას. ასე, რომ, იმის იმედი, რომ ევროკავშირი კიდევ ვინმეს აჩუქებს "ევროპულ მომავალს", უბრალოდ სიბრიყვეა" - წერს ზახაროვა თავის ტელეგრამ-არხში და ვაშინგტონს ადანაშაულებს ზუსტად იმაში, რასაც ტრადიციულად, სწორედ რუსეთი სჩადის მეზობელი და არა მარტო მეზობელი სახელმწიფოების მიმართ:
"მომავლის წართმევა - ეს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების წართმევაა და სანამ ქვეყნები და ხალხები დამოუკიდებლად აზროვნებენ და არა ვაშინგტონელი კურატორების მითითებით, მათ ნამდვილად აქვთ მომავალიო".
ამ კონტექსტში მას განსაკუთრებული იერიში სწორედ სალომე ზურაბიშვილზე მიაქვს, ცდილოს, თავი ქართული ისტორიის, კულტურის, ტრადიციების დიდ დამცველად წარმოაჩინოს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს ისევ და ისევ ცრუ კრემლისტურ ნარატივზე დაფუძნებული კითხვით, "რითაა ქართული მომავალი ევროპულზე უარესი?".
"შევახსენებ ფრანზუჟენკა ქალბატონს, რომ საქართველო საფრანგეთზე ბევრად გრძელი ისტორიის ქვეყანაა. თქვენი უახლოესი ნათესავი - ფრანგი ინტეექტუალი, პოლიტიკოსი, ევროკავშირის მაასტრიხტის შეთანხმების ერთ-ერთი სპონსორი და სავარაუდოდ, თანაავტორი, რუსეთის დიდი მეგობარი ელენ კარერ დ'ანკოსიც კი იმედგაცრუებულია ევროკავშირით" - წერს ზახაროვა.


