Accentnews.ge
ბორელი და ევროპული კომისია: "ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს"

ბორელი და ევროპული კომისია: "ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს"

27/10/2024 19:04:32 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროპული კომისია საქართველოში 26 ოქტომბერს ჩტარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს. მანამდე კი ბორელი და ევროპული კომისია "საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად, გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დავები და ბრალდებები".

გარდა ამისა, ისინი "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ "აგენტების კანონი" ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი" და მმართველ პარტია კანონის გაუქმებისკენ კვლავ მოუწოდებენ.

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა.

არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე“.

უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად.

ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S