"კოალიცია ცვლილებებისთვის": საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე უარს ვამბობთ
27/10/2024 14:13:58 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის საარჩევნო სიის #1 ნანა მალაშხიამ გააკეთა.
"არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე უარს ვამბობთ. პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე.",- განაცხადა მალაშხიამ და თქვა, რომ გადაწყვეტილებას უერთდებიან პირველი ოცეულის, რომელთაც მანდატები მიიღეს ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, დანარჩენი წევრები: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგო თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივა ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, გიორგი ბუტიკაშვილი, ბორის ჩელე ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.
"აუცილებლად ვიბრძოლებთ ქართველი ხმების დასაცავად იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი ამ ქვეყანაში",- დასძინა მალაშხიამ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ყველა პირი, ვინც მათ საარჩევნო სიაშია, გააკეთებს იდენტურ განცხადებას.
"ამ ოცეულის არ შესვლის შემთხვევაში მათ არავინ ჩაანაცვლებს. ჩვენ ჩავხსნით სიას, თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნა ამასთან დაკავშირებით საჭირო, თუმცა არ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩვენი კოალიციის წევრი პარტიების კეთილსინდისიერება და სამშობლოსადმი მსახურება",- დასძინა გვარამიამ.
მისივე თქმით, არსებობს სამოქმედო გეგმა - ეს იქნება სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა იმ მიზნით, რომ დაიბრუნოს სამართლიანი არჩევნები:
"დღეს გავაგრძელებთ საუბარს პრეზიდენტთან, გავაგრძელებთ საუბარს სხვა პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ფართო შეთანხმებას მივაღწევთ".


