„ძლიერი საქართველო“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
27/10/2024 14:01:19 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
„გუშინდელი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროტლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, - განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ძლიერი საქართველო“ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს ყველა სამართლებრივი და კანონიერი საშუალებით.
„პირველად ისტორიაში, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი - შემთხვევა, როცა მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - პირადობის მოწმობების ჩამორთმევით. აიძულეს ისინი დარჩენილიყვნენ სახლში და ისინი გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის“, - განაცხადა გაერთიანების კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მისიებთან და პარტნიორებთან არჩევნების ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის დასასახად.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-სთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


