NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი: ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება
27/10/2024 12:26:12 პოლიტიკა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ფაიქ ოზთრექმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ასევე იქნება მისი შედეგები.
"მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში, ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად და ასევე მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიისთვის. მეორე ტესტი იქნება ამ არჩევნების შედეგები. სწორედც ამიტომ გადავწყვიტეთ, დავაკვირდეთ ამ არჩევნებს. როდესაც მოგვიწვიეს, მივიღეთ ეს მოწვევა, რადგან საქართველოში ვაკვირდებოდით ყველა არჩევნებს",- თქვა მისიის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ამჟამინდელ განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე უარყოფითი ელემენტი, რომელიც მისიამ არჩევნების დროს დააფიქსირა:
"პირადად მე რაც მაწუხებდა, ეს იყო დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე დაშინების და ზეწოლის შემთხვევები საარჩევნო უბნების გარეთ, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები, ასევე განხეთქილებების შემომტანი რიტორიკა. ჩემი მოვალეობაა, მოვამზადო ანგარიში, რათა ასამბლეამ ახლიდან შეაფასოს და გადასინჯოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო",- თქვა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა.
მან განმარტა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსისგან ცალკე მოქმედი სტრუქტურაა და საუბრობს არა NATO-ს, არამედ სწორედ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით.


