Accentnews.ge
გახარია: გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას! ახლა არა უიმედობის, არამედ 24-საათიანი შრომის დროა

გახარია: გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას! ახლა არა უიმედობის, არამედ 24-საათიანი შრომის დროა

27/10/2024 09:24:36 პოლიტიკა

ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა,- თქვა პარტია "საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ.

"ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ეს არ მომხდარა, სამწუხაროდ, მხოლოდ გუშინ, ერთ დღეს - დიდი ხანია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით საერთასშორისო პარტნიორებს, მათ შორის საერთაშორისო მისიებს",- განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დარღვევები რიგ შემთხვევაში განგრძობითი იყო და მისი გუნდი მუშაობს სასამართლოს მიმართულებითაც.

ის ხაზგასმით ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებზე, სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას, მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, რათა მომხდარიყო "არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა".

ამასთან, მისი თქმით, პარტიის გუნდზე ბოლო თვეების განმავლობაში იყო "უპრეცედენტო ზეწოლა":

"პერსონალურად ივანიშვილი მე და ჩემს გუნდს ემუქრებოდა გასამართლებით. რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული შედეგები, რომელიც აისახა არჩევნებზეც, მოჰყვა".

მიუხედავად ამისა, გახარია ამბობს, რომ გუნდმა შეძლო, დაემტკიცებინა, რომ "საქართველოსთვის" ქვეყნის პოლუტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი იქნება.

"სწორედ ამიტომ, დღეს, მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლაა თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით",- თქვა გახარიამ და დასძინა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მისიებთან.

"უპირველესად, უნდა დავიცვათ ხმის მიცემის თავისუფლების უფლება; უნდა დავიცვათ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების არსის გადარჩენა, რადგან რაც ივანიშვილის გუნდმა ბოლო თვეებში გააკეთა, ეს არის ხალხის არჩევანის უფლების წართმევა და მის ნებაზე ზემოქმედება. მესამე - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების შედეგების გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა. ამიტომ, მოგიწოდებთ - ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა 24-საათიანი შრომის დროა! უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასოდეს ისეთი სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორც დღეს. ჩვენ უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ევროპული მომავლის დაცვას და როგორც ასეთი, არჩევნების ინსტიტუტის დაცვას",- თქვა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S