Accentnews.ge
ცესკო-ს თავმჯდომარე მანიპულაციურს უწოდებს ვერიფიკაციის აპარატებით ხმების დუბლირების თაობაზე ბრალდებას

ცესკო-ს თავმჯდომარე მანიპულაციურს უწოდებს ვერიფიკაციის აპარატებით ხმების დუბლირების თაობაზე ბრალდებას

27/10/2024 08:55:48 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, ბრალდება , რომ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება, უსაფუძვლოა.

ის იმეორებს, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი წარმატებით განხორციელდა და ამას ადასტურებს საერთაშორისო ამერიკული აუდიტორული კომპანიის „პროვი ენდ ვის“ პირველი და მეორე ფაზების აუდიტის შედეგები:

„ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან, ამერიკულ კომპანიასთან „პროვი ენდ ვი“- სთან, რომელიც აშშ-ში აკრედიტებული კომპანიაა და რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების იმპლემენტაციას. ჩვენ გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის.

ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა ქვითრები და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის, დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“, - თქვა კალანდარიშვილმა 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

საია მიუთითებს, რომ "კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას - იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება".

საიას თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" განაცხადა, რომ გამოავლინეს სქემები, რომელთა მეშვეობითაც გაყალბდა არჩევნები. ერთ-ერთ მექანიზმად ვერიფიკაციის აპარატები დაასახელეს.

„ჩვენ ვამუშავებთ რამდენიმე სქემას და ერთ-ერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, როდესაც ის პირველად ართმევდა აიდი ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითაც მოახდინა დაზუსტება საკუთარი ამომრჩევლის, მათი მონაცემის გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. საშუალოდ 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, მინიმუმ 4 უბანზე მისვლით შეეძლოთ გაეოთხმაგებინათ, ანუ 200 ათასი ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა.

ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ და ამ მიმართულებით აუცილებელია გარე აუდიტის გაკეთება, ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რათა დადგინდეს იმ აპარატში, ნამდვილად იყო თუ არა სხვა პირადობები შეყვანილი, რომლებსაც შეეძლოთ სხვადასხვა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ისე, რომ ვერიფიკაციის აპარატს არ გამოეცა შესაბამისი სიგნალი. ვერიფიკაციის აპარატებს კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, ამიტომ ის ვერ დაბლოკავდა, თუკი ამდაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამდაგვარი გადაწყვეტილება იყო მიღებული და რაც ამას გააქარწყლებს, არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აუდიტი, მაგრამ ამ აუდიტის შედეგების ლოდინს არ ვაპირებთ, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ, ადმინისტრატორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და თქვას, რა მოხდა“, - თქვა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა თენგიზ თევზაძემ.

არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ "ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობაშიც", "ძლიერ საქართველოში თქვეს, რომ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას და გააგრძელებენ ხმების დაცვას. კიდევ ერთ პარტიაში, რომელმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი გადალახა, "საქართველოსთვის", აცხადებენ, რომ დარღვევებმა გავლენა მოახდინა შედეგებზე.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S