Accentnews.ge
კობახიძე: „პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც“

კობახიძე: „პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც“

27/10/2024 08:19:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისთვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში... მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S