კობახიძე საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ოპოზიციის ლიდერობის მიზეზს, მათ შორის "ამომრჩევლის ქვეყნიდან სიშორით" ხსნის
27/10/2024 08:05:09 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ოპოზიციის ლიდერობის მიზეზი არის ის, რომ "როდესაც არის ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით, ის ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს".
„წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც, ეს ასე ხდება ხოლმე მარტივი მიზეზის გამო, როდესაც არის ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით, ის ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად, სოცმედიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შედეგები, რაც აისახა არჩევნებზე, თუმცა ამით, ბუნებრიგვია, თავს ვერავინ დაიმშვიდებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
- „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 29.076% (5489 ხმა);
- „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“ – 20.839% (3934 ხმა);
- “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“–17.735% (3348 ხმა);
- „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ –14.053% (2653 ხმა);
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" – 8.449% (1595 ხმა);
საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
- "ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
- „გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
- „ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


