კრემლი "ოცნებისგან" "პროგნოზირებად" შიდა პოლიტიკას ელის
27/10/2024 07:50:00 პოლიტიკა
კრემლი "ოცნებისგან" "პროგნოზირებად" შიდა პოლიტიკას ელის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
"თბილისიდან მომავალი ცნობების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58% - ეს სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ის 53%, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ასევე პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტიის გასვლა შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს მოასწავებს. მოველით [საქართველოს მმართველი პარტიისგან - რედ.], რომ ახალი პერიოდი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ცივილიზებულ და პროგნოზირებად კალაპოტში წარიმართება, - ამაში არა მარტო საქართველო, არამედ მთელი რეგიონია დაინტერესებული" - წერს კარასინი თავის ტელეგრამ-არხში.
ცენსტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


