სიმონიანი: "ქართველებმა გაიმარჯვეს! ყოჩაღ!"
26/10/2024 18:46:22 პოლიტიკა
"ოცნება" საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე "გამარჯვების" მილოცვებს რუსეთიდანაც იღებს. მოსკოვიდან მას პირველმა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა მიულოცა.
"ქართველებმა გაიმარჯვეს! ყოჩაღ!" - დაწერა სიმონიანმა სოცქსელში.
ცნობისთვის: "ოცნებას" "დამაჯერებელი გამარჯვება" უკვე მიულოცა პუტინის მოკავშირემ - უნგრეთის პრემიერმა ორბანმაც.
“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” - დაწერა “ტვიტერში” ორბანმა "ოცნებასთან" აფილირებული კომპანია "გორბის" ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
"რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა, ვის მხარესაა “ქართული ოცნება”, - ასე გამოეხმაურა ორბანის მიერ "ოცნებისთვის" მილოცვას ამერიკელი ექს-კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული "გორბის" ეგზიტპოლების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% მიიღო. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ოპოზიცია იმარჯვებს.


