ბოკუჩავა: სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ
26/10/2024 16:57:58 პოლიტიკა
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ მან Edison Research-ს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და “ქართული ოცნება” დამარცხდა.
"დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% მიიღო. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით ოპოზიცია იმარჯვებს.
ცესკოს წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოქვეყნდება.


