
საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად უცხოელი ფოტოგრაფი არ შემოუშვეს
26/10/2024 11:50:58 საზოგადოება
საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად არ შემოუშვეს უცხოელი ფოტოგრაფი, შტეფან გოსი. ის თბილისის აეროპორტში თურქეთიდან გუშინ, 25 ოქტომბერს გამთენიას ჩამოფრინდა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
შტეფან გოსი ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრედიტებული ფოტოგრაფია, იღებს კონფლიქტებს, ომს, აქციებს. ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოში უკვე ნამყოფია „სამჯერ თუ ოთხჯერ“, არასდროს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონია, აშუქებდა „აგენტების კანონთან“ დაკავშირებულ მასობრივ პროტესტებსაც.
„არჩევნებისთვის ერთი ან ორი კვირით ჩამოსვლას ვგეგმავდი. ვიფიქრე, რომ საინტერესო პროცესების გადაღებას შევძლებდი. მათ აიღეს ჩემი პასპორტი, შეამოწმეს, მზად ჰქონდათ ბეჭდის ჩასარტყმელი მოწყობილობა, შემდეგ მეორედ შეხედეს ეკრანს და ო, არა...
ჩამომართვეს პასპორტი და ტელეფონი საათ-ნახევრის განმავლობაში, შემიყვანეს უკანა ოთახში და შემდეგ მოვიდნენ ფურცლით და მითხრეს, რომ დეპორტირებული ვარ, არავის უთქვამს რატომ.
ვიღაცამ შავ სიაში შემიყვანა, მთავრობას ვგულისხმობ. მე უკრაინაშიც ვმუშაობდი და ალბათ საქართველოს ხელისუფლებას ისე ძალიან აღარ მოვწონვარ. სხვათა შორის, საზღვარზე არავის არაფერი უკითხავს, რატომ ვარ, რა მიზნით, არ შეუმოწმებიათ დოკუმენტაცია. პირდაპირ უარი მითხრეს“, - ამბობს შტეფან გოსი.