დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება
26/10/2024 03:44:26 პოლიტიკა
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცესკოს ცნობით, კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, საიდანაც ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 მოქალაქე მიიღებს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.
ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წელს პირველად 135 922 ახალგაზრდას მიეცემა. ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 64 238 ამომრჩეველმა მიმართა. ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე კი, სპეციალურ სიებში, 95 910 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც, ემიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობაა.
ასევე, ცნობილია, რომ ჯამში, საქართველოსა და საზღვარგარეთ 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან საქართველოში 2 044 იქნება, მათ შორის 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში განთავსდება. საზღვარგარეთ კი 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
დღევანდელ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში უკვე ჩამოვიდა არაერთი საერთაშორისო დელეგაცია. ასევე, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. კერძოდ, ცესკოს ცნობით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, პროცესს გააშუქებს 199 მედია-ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს:
- (#41) “ქართული ოცნება“
- (#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
- (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
- (#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
- (#25) “გახარია საქართველოსთვის“
- (#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- (#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
- (#36) “გირჩი“
- (#23) “ჩვენ“
- (#6) “ევროპელი დემოკრატები“
- (#17) “საქართველო“
- (#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
- (#26) “მემარცხენე ალიანსი“
- (#20) “თავისუფალი საქართველო“
- (#21) “ტრიბუნა“
- (#16) “შეცვალე საქართველო“
- (#27) “ქართველ ერთობა“
- (#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
- 26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება რეგიონის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატის არჩევნები, რომელშიც 11 პარტია მონაწილეობს.
- 26 ოქტომბერს საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, სამტრედიასა და ჩოხატაურში ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნებიც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად.


