
თბილისში სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას მართავს
25/10/2024 15:47:31 საზოგადოება
სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრიბა და მსვლელობას მართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე, რადგან ახლა წყდება საქართველოს მომავალი.
"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!", - ნათქვამი იყო აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.