
გოგოლაშვილი: ქართული საზოგადოება შედგა! ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიძლება ვერ ვნახოთ ასეთი სურათი!
25/10/2024 13:59:29 საზოგადოება
დიდ მოვლენასთან გვაქვს საქმე,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მოქალაქეების თვითორგანიზების პროცესს, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთს შეუწყონ ხელი საარჩევნო უბნებამდე მისვლაში.
„მგონია, რომ აქ მთავარი იმდენად არჩევნები კი არ არის, არამედ ის, რომ საქართველო შედგა, ქართული საზოგადოება შედგა. ეს სოლიდარობა და სერიოზული მიდგომა დემოკრატიის გამოხატვის ამ უმთავრეს ფორმასთან, რასაც არჩევნები ჰქვია, შესაშურია. მართლა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიძლება ვერ ვნახოთ ჩვენ ასეთი სურათი“,- ამბობს გოგოლაშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი სურათის ჩამოყალიბებაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი:
„როგორც ჩანს, ასეთი დიდი საფრთხის წინაშე როდესაც იგრძნო თავი მოსახლეობამ, ახალგაზრდობამ, რა თქმა უნდა, სიტუაციამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ სწორედ სირთულეებში სწავლობს ადამიანი, მათ შორის, საზოგადოება. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება მომწიფდა ერთ-ორ, უფრო ალბათ, ბოლო ერთ წელიწადში. საზოგადოებამ ძალიან სწრაფი განვითარების გზა გაიარა. ეს ნამდვილად მაოცებს. რა პოტენციალი დევს ჩვენს ერში, ეს გამოჩნდა. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება შედგა.
ან დამკვირვებლების ეს რაოდენობა, როდესაც ადამიანები ამ პროცესს ასე სერიოზულად უყურებენ, ჩემთვის, როგორც საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის ძალიან დიდი მოვლენაა“.
ის დასძენს, რომ როდესაც ადამიანი აქტიურია, საკუთარ რესურსებს, შესაძლოა, უკანასკნელსაც უნაწილებს სხვებს, ამაღელვებელია: “ევროკავშირში ინტეგრაცია, ცხადია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერისთვის, მაგრამ ამაზე აღარ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ თვითონ იმაზე, რომ ერი შედგა“.