
სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში - TI-ს ანგარიში
24/10/2024 09:37:26 საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება შეისწავლა და როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით.
ორგანიზაციის დასკვნით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან - მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).
TI-ის განცხადებით, კვლავ შეშფოთებას იწვევს სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში.
"დონორების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოწირულების პარალელურად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს და სუბსიდიებს იღებენ. ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა ის წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროვებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს, რითიც საბოლოოდ ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას." - ნათქვამია ანგარიშში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველ შემოწირულობებზე. კერძოდ, ორგანიზაციის მიხედვით:
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში 684 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა შემომწირველებმა 2024 წელს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 3.1 მლნ ლარი გაიღეს.
- აღსანიშნავია შპს „გზას“ შემთხვევა, რომელმაც 2023-2024 წლებში 226 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველს და 2024 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. მან და მისმა მეწილემ – მალხაზ დუმბაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 75 ათასი ლარი შესწირეს, 2013-დან კი 621 ათასი ლარი აქვთ ჯამურად შეწირული.
- „ქართული ოცნების“ შემომწირველია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 32 ბენეფიციარი, რომლებმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას” 1.6 მლნ ლარი შესწირეს. 2014-2020 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ჯამში 7.4 მლნ ლარი აქვთ მიღებული.
- „ქართული ოცნების“ 51 შემომწირველს 2014-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროექტებიდან 71 მლნ ლარის სუბსიდია აქვს მიღებული. სანაცვლოდ, აღნიშნულ წლებში მათ მმართველ პარტიას 7.7 მლნ ლარი შესწირეს; აქედან 2 მლნ ლარი — 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში.
- ყველაზე მეტი თანხა მეღვინეების, ზურაბ და ალექსანდრე ჩხაიძეების კომპანიებმა მიიღეს - 16 მლნ ლარი. მათ „ქართული ოცნებისთვის“ 320,000 ლარი აქვთ შეწირული.
- 10 მლნ ლარამდე სუბსიდია მიიღეს შპს Bolero & Company-მ და შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებამ“, რომლის დირექტორებს, დავით ბოჭორიშვილს და ირაკლი ბექაურს მმართველი პარტიისთვის 347,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნული ორი კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.
- ბიძინა ივანიშვილთან ნათესაური ან ბიზნეს კავშირის მქონე პირებმა 2024 წლის 1 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას” 425,000 ლარი შესწირეს.
- წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხას ერთსა და იმავე დღეს სწირავს. 2024 წლის 10-11 ივლისს შპს „ნოვას“ ხუთმა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ 282,000 ლარი შესწირა. „ნოვამ“ 2023-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 9.2 მლნ ლარი მიიღო; პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ კი 1.1 მლნ ლარი აქვს მიღებული. 4 და 12 ივლისს შპს „ლილო-მოლის“ 13-მა მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 558,000 ლარი შესწირა.