ივანიშვილი განმარტავს, რატომ არ მიიღეს საქართველო და უკრაინა NATO-ში
21/10/2024 19:27:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განმარტა, მისი აზრით, რატომ არ მიიღეს საქართველო და უკრაინა NATO-ში.
"გავიხსენოთ 2008 წლის NATO-ს სამიტი, როდესაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს NATO-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ, რეალობა სულ სხვაა, ამის განმარტებას მე ახლა არ შევეცდები, ერთს ვიტყვი, რომ არ მიიღეს იმიტომ კი არა, რომ ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ, ვინც არიან რეალურად NATO–ს კოორდინატორები - დღეს, ამ წუთში, ამაზეც არ გავჩერდები - ვინც მართავს დღეს NATO–ს, მათ არ ჰქონდათ სურვილი უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო. ჩვენთან, სამეზობლოში ძალიან მძიმე ომია, იცით. მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე, ჩვენ გვქონდა 2008-ში თუ გაიხსენებთ, ძალიან იოლი გასახსენებელია, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს, თუ დააკვირდებით დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ NATO არ ჩაერთოს რუსეთის ომში: ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ - ძალიან ბევრი განცხადებაა, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან, თუ ამერიკიდან აკეთებს, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ NATO ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. აი ეს 2008-შიც იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველოსაც და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომაც არ მიიღეს NATO–ში", – ირწმუნება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.


