ივანიშვილი გახარიას და მისი პარტიის წევრებს გასამართლებით ემუქრება
21/10/2024 18:30:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "პარტია საქართველოსთვის" წევრებს და მის ლიდერს გიორგი გახარიას გასამართლებით ემუქრება.
"მე შორს ვარ ამომრჩევლების გასამართლების აზრისგან, მაგრამ ისევ დავუბრუნდები ამ მოუშუშებელ ჭრილობას, არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და რომ დგანან მის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც", – განაცხადა მან "იმედის" ეთერში.


