
პროდასავლური პრეზიდენტი, ავტორიტარიზმში დადანაშაულებული "ოცნება" და არეულობის რისკი – რას წერს France 24 თბილისში გამართულ მარშზე
21/10/2024 07:00:22 პოლიტიკა
20 ოქტომბერს თბილისში გამართულ მარშს, მათ შორის "France 24" ეხმიანება და წერს, რომ "ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პროევროპული აქცია გამართა".
"20 ოქტომბერს ევროკავშირის ათიათასობით მომხრე დემონსტრანტმა თბილისში აქცია გამართა. მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის მომავალ გზას ევროპაში.
დემონსტრანტები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს".
აქციაზე ხალხმა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულა", – იუწყება გამოცემა.
როგორც France 24 წერს, "ეს არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის".
სტატიაში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ ლიდერად არის მოხსენიებული, ხოლო მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმისკენ სვლასა და ევროპული გზიდან გადახვევაშია დადანაშაულებული.
- "26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციური ძალების უპრეცედენტო ალიანსი დაუპირისპირდება მმართველი პარტია „ქართული ოცნებას", რომელსაც ბრიუსელი ავტორიტარიზმისკენ და ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მთავრობასთან უთანხმოება აქვს, შეუერთდა აქციას. მისი თქმით, "საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია", – იუწყება France 24.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო ვაშინგტონი იძულებული გახდა რიგი ზომები გაეტარებინა. მისივე ცნობით, ევროკავშირის მხრიდან გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი სწორედ ამ კანონის მიღებას მოჰყვა:
- "ბრიუსელმა გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ წლის დასაწყისში მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიიღეს სადავო„უცხოური გავლენის კანონი“. ამ კანონის მიღებამ, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც კრემლის სტილის კანონი, გამოიწვია მასობრივი ქუჩის პროტესტი და ასევე აიძულა ვაშინგტონი, ათობით ქართველი მაღალჩინოსნისთვის სანქციები დაეწესებინა".
France 24 საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ, შეძლებენ "ქართული ოცნების" ჩანაცვლებას.
გამოცემა იმასაც წერს, რომ არეულობის რისკი არსებობს იმ შემთხვევაში, "თუ "ქართული ოცნება" შეეცდება, შეინარჩუნოს ძალაუფლება კენჭისყრის შედეგის მიუხედავად".
- "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ, საკმარის ხმებს მოიპოვებენ შაბათის არჩევნებზე, რათა ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა და შეცვალონ მმართველი პარტია, რომელსაც აკონტროლებს ძლიერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ანალიტიკოსებმა გააფრთხილეს არეულობის რისკის შესახებ, თუკი "ქართული ოცნება" შეეცდება, შეინარჩუნოს ძალაუფლება კენჭისყრის შედეგის მიუხედავად.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის და თავდაპირველად ლიბერალურ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კურსი შეიცვალა და მას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ", – იუწყება France 24 და დასძენს, რომ გამოკითხვების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 80% ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.