
ქართველი მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე: "არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში!"
20/10/2024 14:44:38 საზოგადოება
"არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს!", – ამ წარწერით ბანერი ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაშალეს. შესაბამის ინფორმაციას გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მარშს ვერ ჩამოვუსწარით, მაგრამ მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ვუერთდებით საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქუჩებში გამოსულ ქართულ საზოგადოებას! დღეს ფრანკფურტის მნიშვნელოვანი სცენიდან ვუთხარით აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ "არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს!",– წერს ჯობავა.
დღეს თბილისში მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" იმართება.