ლავროვი: თბილისთან კონტაქტები გვაქვს
18/10/2024 14:48:31 პოლიტიკა
რუსეთი აუცილებლობის ფარგლებში ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესების სექცია, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც აუცილებლობის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ მიმდინარე საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხებს შორის პირდაპირი კონტაქტები საქართველოს შესაბამის ხელმძღვანელებთან", - განაცხადა ლავროვმა „3+3-ის" (რომელიც რეალურად "3+2" რეჟიმში იკრიბება, ვინაიდან საქართველო უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით) რეგიონული პლატფორმის მესამე სხდომის შეჯამებისას.
ლავროვის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა მორიგ ჯერზე დაადასტურეს, რომ საქართველოსთვის "კარი ღიაა":
„ჩვენ მორიგ ჯერზე, ჩვენ ამას ვაკეთებ ყოველთვის, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ სამუშაოში ჩართვას“.
მან კვლავ აუბა მხარი "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივს "ომში ჩათრევის" თაობაზე და ტრადიციულად მიანიშნა „დასავლეთის მცდელობაზე, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი“.
„ვგულისხმობ, კვლავ გაჩაღდეს კოცონი და მოხდეს ვითარების დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გახურდეს საქართველოსა და ამ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები. ასე რომ, რისკების უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან და მიზნად ისახავს მათი გავლენის მაქსიმალურად გაზრდას აქ და, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ჩაშალოს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის თანაბარუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის", - ამტკიცებს ლავროვი.
29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მზადყოფნაზე, "დაეხმაროს" საქართველოს თავის "მეზობლებთან" - აფხაზეთთან და ცხინვალთან დაახლოებაში. მოგვიანებით მან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება."


