Accentnews.ge
საია, ISFED და TI: ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს სსკ-ით გათვალისწინებულ დანაშაულს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები

საია, ISFED და TI: ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს სსკ-ით გათვალისწინებულ დანაშაულს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები

18/10/2024 13:21:55 საზოგადოება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) აცხადებენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ბოლო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს/საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებულ პირებს (ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებული გარკვეული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს) სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მათთვის გადაცემას. არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ხოლო იმავე კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დასახელებული ფაქტები ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამუშავება და გადაცემა. ამასთან, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით.

ორგანიზაციები სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით", – ნათქვამია ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S