ევროპული საბჭოს განცხადების მიუხედავად, კობახიძე ამტკიცებს, რომ "არაფერი არ არის შეჩერებული, გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”
18/10/2024 11:31:07 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს გუშინდელი განცხადების მიუხედავად, რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს", პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "არაფერი არ არის შეჩერებული”.
„არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამეა შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში. როცა შენი ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და ამ ზღვარს მიღმა, როცა გაქვს კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, კორუფციის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმის და მედია პლურალიზმის კუთხით, იქ ჩერდება ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველოში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებულად; ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს ხელს იმას, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის: ევროპულმა საბჭომ დაადასტურა "ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს". ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".
- "ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
- ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.
- ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.
- საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი", – ნათქვამია დასკვნაში.
ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, ევროპული საბჭო, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და ევროკომისიის პრეზიდენტს აერთიანებს. 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული დასკვნა ეხება სხვადასხვა საკითხს და ქვეყანას, მათ შორის ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ გახდება":
- "არჩევნები მოდის ერთ კვირაში. ეს თქვენი, ქართველების, არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც ეხება თქვენს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს არჩევანს, თქვენი მომავალი თქვენი გადასწყვეტია და არავისი სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ამ ღირებულებებზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნიდან გაგდებას, თუ თქვენ დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არ არის ადგილი თავისუფალი მედიისთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული პიროვნების უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, მაშინ, მინდა, გითხრათ ღიად – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“.


