კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა
18/10/2024 10:47:29 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძე წარადგინა.
ამ "პოსტზე" რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.
„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი, გვინდა, წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.


