
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა
18/10/2024 10:05:08 საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1 200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა.
კახა კალაძემ ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს საბაგირო გზის ტექნიკური დეტალებიც გააცნო.
„საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო“, -განაცხადა კალაძემ.4
მისი თქმით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა. 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. დაღუპულ მგზავრთა ნაწილი ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები იყვნენ.