
რა დარღვევებზე საუბრობს საია არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშში
18/10/2024 09:46:57 პოლიტიკა, საზოგადოება
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული და მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობდა, რაც მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება.
მისივე თქმით, ანგარიშში წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლებების შექმნის, ამომრჩევლის მოსყიდვის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებია ასახული.
“2024 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) წარმოადგენს ორგანიზაციის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს. 27 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი და შესაბამისად, ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური წესები.
საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.
განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საია-მ აღრიცხა:
წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი.
ფიზიკური ძალადობის - 4, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების - 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა. ასევე, თვითნებური დაკავების 1 ფაქტი. მათ უმეტესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატებოდეს. ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არავის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა.
ასევე, პრობლემური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.
საია-მ შესაძლო მოსყიდვის 1 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 სავარაუდო ფაქტი აღრიცხა საანგარიშო პერიოდში. ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა.
საია-მ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2 გადაწყვეტილება. მათგან ერთი შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ორგანიზაციის აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების ინტერპრეტაცია, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირულობა.
გარდა ამისა, საია აწარმოებს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 148-ჯერ. 43 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიას, განახორციელოს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი”, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძე ასევე გამოეხმაურა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლო საარჩევნო მიზნებისთვის ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში აღნიშნული ქმედება შესაძლოა, წარმოადგენდეს არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას.
"ამ ტიპის ქმედებები წარმოადგენს სისსხლის სამართლის დანაშაულს და საგამოძიებო უწყებებმა უნდა მოახდინონ რეგირება", – განაცხადა მან.
საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები.
"ორგანიზაცია განუმარტავს მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ფარულია და პირადი მონაცემების აღრიცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მათი არჩევანის იდენტიფიცირება კენჭისყრის დღეს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.