ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დეკლარაცია: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უნდა დაბრუნდეს
17/10/2024 12:17:17 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უნდა დაბრუნდეს". დოკუმენტი 76 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, "გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოების პოლარიზაციას, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს".
"ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში", – ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, კონგრესმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა რეიკიავიკის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები.
გთავაზობთ კონგრესის დეკლარაციის სრული ტექსტის თარგმანს:
- "კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით. ეს მოვლენები კონგრესის პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და ანტი–LGBTI საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებში დაგმო. გარდა ამისა, ეს მოვლნები ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმეს.
- ამასთან, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახრის რისკს, რაც გამწვავებულია განსხვავებული აზრების გამომხატველ პირებზე განხორციელებული თავდასხმებით, დაშინებით და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებით.
- შედეგად, იზრდება შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაიცვას ევროპული დემოკრატიული პრინციპები და იაროს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე.
- ამ კონტექსტში და 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, მით უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი, მშვიდობიანი და თანაბარი წვლილი შეიტანოს.
- კონგრესი ხაზს უსვამს იმას, რომ ადგილობრივი მთავრობები არის მოქალაქეთა ხმა როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და მათი უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა დევნისა და შურისძიების შიშის გარეშე, გარანტირებული უნდა იყოს მიუხედავად მათი ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებებისა.
- კონგრესი იმეორებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტური დაცვის აუცილებლობას, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობას და შეკრების თავისუფლების დაცვას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ უნდა განახორციელოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა თავიანთ თემებში ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საზიანოდ.
- ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოების პოლარიზაციას, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი.
- კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გეგმავს.
- კონგრესი კვლავ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ ძალისხმევაში ხელისუფლების ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ხელი შეუწყოს დემოკრატიას.
- საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც დაადასტურა რეიკიავიკის დეკლარაციაში".


