
"ირწმუნებოდნენ, რომ ფიზიკურ პირებს არ შეგვეხებოდა" - როგორ მოხვდა მოქალაქე „აგენტების რეესტრში“
17/10/2024 12:11:58 საზოგადოება
მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი.
მოქალაქე იხსენებს, რომ გასულ წელს თანამშრომლობდა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან“, რომელიც დარეგისტრირდა ე.წ. უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მისი პირადი ინფორმაცია – სახელი, გვარი და ორგანიზაციისგან მიღებული ხელფასი გამოაქვეყნა.
"სახელმწიფო ვალდებული იყო დაეშტრიხა ჩემი პერსონალური მონაცემები, თუმცა ასე არ მოიქცნენ და ღიად გამოაქვეყნეს ჩემი პერსონალური მონაცემები. „რუსული კანონის მიღებისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ფიზიკურ პირებს, ასევე შშმ პირებს არ შეგვეხებოდა ეს კანონი, თუმცა ფაქტია, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება“ – ამბობს დეა ერემაშვილი.
მან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს რეაგირების მოთხოვნით მიმართა.
„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც უცხოეთიდან გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“. ისინი ვალდებული გახდნენ, ყველა დასაქმებულის პერსონალური მონაცემები, მათთან შეთანხმების გარეშე, იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ.