ბოჭორიშვილი - ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: არასერიოზულია, როცა ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები
17/10/2024 09:50:17 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
„არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მე მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე",- თქვა ბოჭორიშვილმა.
მისი ვერსიით, ეს განცხადებები "სჭირდებათ იმისთვის", რომ ჟურნალისტებმა დასვან კითხვები და შექმნან "პოლიტიკური დღის წესრიგი".
"მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს“, - ირწმუნება ბოჭორიშვილი.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.


