
აღსრულება: 9 თვის განმავლობაში მორიგებით 13 ათასზე მეტი საქმე დასრულდა
17/10/2024 09:24:41 საზოგადოება, რეკლამა
2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებით და განწილვადებით 13 068 საქმე დასრულდა,- იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახური.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მხარეთა შეთანხმებით და ნებაყოფლობით დასრულდა 227 საქმე და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად შეწყდა 114 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია. 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 10 990 მოქალაქეს.
2024 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის 9 139 საქმიდან დარეგულირებულია 3 548 საქმე.
"მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით",- აცხადებენ უწყებაში.