სუს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: "ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერ–ჯერობით ვერ იქმნება"
16/10/2024 10:11:39 პოლიტიკა
„წავიკითხე ჩემი ყოფილი კოლეგების განცხადება. ძალიან ზოგადია და რაც ცუდია პოლიტიკურად მიკერძოებულია პათოსიდან გამომდინარე. ერთი რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა – დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად ისეთი პროდუქტის (ვიდეო/აუდიო) შექმნა, რომელიც საბაზისო ექსპერტიზით მალევე არ იდენტიფიცირდება როგორც ხელოვნურად მანიპულირებული პროდუქტი, უბრალოდ შეუძლებელია! მე არ ვიცი რისი ეშინიათ (ან ეშინიათ კი საერთოდ) „ოცნების“ „გენიოსებს“, მაგრამ AI-ის გამოყენებით ასეთი, ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერჯერობით ვერ იქმნება. ე.წ. Deep Fake-ი ცხადია გამოწვევაა, მაგრამ AI-ი ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, პროდუქტი ისეთ მაღალ ხარისხში იქნეს დამუშავებული, რომ დაიფაროს მისი ხელოვნურად მანიპულირება“ –ასე ეხმიანება სუს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე კახა ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.
ცნობისთვის: სუს–ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.
მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა:
"სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა. პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ".


