Accentnews.ge
აფგან სადიგოვის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

აფგან სადიგოვის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

16/10/2024 08:15:00 სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატები სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვით, ჟურნალისტს საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

ადვოკატები აღნიშნული სარჩელით მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და დეპარტამენტისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

"დოკუმენტების სათანადო განხილვის გარეშე, სრულიად მოულოდნელად, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მათი არგუმენტი იყო ის, რომ აზერბაიჯანში არ არის უფლების დარღვევის მაღალი რისკები. ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სასამართლოში, თუმცა ახლა აფგან სადიგოვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მან 26 დღის წინ დაიწყო შიმშილობა, წინა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, ამიტომ ახლა ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს, უჭირს გადაადგილება, უჭირს საუბარიც კი", - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.

ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გამოძალვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

თავად სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S