Accentnews.ge
"მთავარი არხი" "რუსთავი 2"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: "ქართული ოცნება” ვერ გაგვაჩერებს"

"მთავარი არხი" "რუსთავი 2"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: "ქართული ოცნება” ვერ გაგვაჩერებს"

16/10/2024 08:01:42 საზოგადოება

"მთავარი არხი" "რუსთავი 2"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

"მთავარი არხის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, “მთავარ არხზე” ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.

პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ “მთავარ არხს” არასოდეს განუხორციელებია არც ერთი უკანონო ტრანზაქცია. სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.

ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ “ქართული ოცნება” “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას".

ცნობისთვის: 15 ოქტომბერს „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარ არხში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს.

დღეს თემაზე კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

  • „ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S