ბორელი: მმართველი პარტიის განცხადებები, საარჩევნო დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია, არჩევნები ტესტი იქნება
14/10/2024 17:00:03 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული.
"საქართველოში კიდევ უფრო "ბნელი სურათია", - თქვა მან მოლდოვაზე საუბრის დასრულების შემდეგ და განაგრძო:
"მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის".


