
„საქართველო-აშშ-ის დიდი მეგობრობა გრძელდება და დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები მას ვერ დააზიანებს“
06/02/2020 08:49:30 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"საქართველოსა და აშშ-ის დიდი მეგობრობა გრძელდება და ამას დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს", – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებას.
„წარმოუდგენელია, ორი ან თუნდაც ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. ამისთვის უნდა ჩავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების ისტორიას, ბოლო თუნდაც რვა წლის განმავლობაში იმ მაღალ დონეს, საუკეთესოს სტრატეგიული ურთიერთობებისას, რომელიც ჩვენ და მათ მთავრობას გვაქვს – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების თუ სხვა, წმინდა დიპლომატიურ სფეროში. ის სპეკულაციები, რომელსაც აჟღერებს ოპოზიცია, - „მგელი, მგელი მოდისო“... არავითარი მგელი არ მოდის! ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომლის გარეშეც... კიდევ ერთხელ ვამბობ, რამხელა იყო ამერიკელი ხალხის ხელშეწყობა თუნდაც იმისთვის, რომ აქ ომიანობის პირობებში ხალხი ელემენტარულად გადარჩენილიყო. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი მეგობრობა გრძელდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: პიტ ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს“.