მედია: საქართველოდან გაიქცა რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში ანტირუსულ წარწერებს პრორუსულით ანაცვლებდა
14/10/2024 12:38:53 პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქე გარეგინ მოვსესიანი (მომღერალი Gariko) სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა მის მიერ სოცქსელში იმ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც იგი თბილისში, ქართლის დედის მონუმენტის სიახლოვეს გრაფიტის «F*** Russia» შლიდა, მის ნაცვლად რუსეთის დროშას ხატავდა, ტოვებდა წარწერას "დედა რუსეთი", შესაბამის ინტერნეტ-პუბლიკაციას კი ურთავდა ტექსტს - "ვინც მშობელ დედას შეეხება, ტანკით გადავუვლი".
ვიდეომ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. კომენტატორები შსს-ს მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვდნენ და იქვე მიუთითებდნენ კიდევ ერთ ანალოგიურ შემთხვევაზე - ვიდეოზე, რომელზეც რუსეთის მოქალაქე დანით ხელში თბილისის ქუჩებში რუსულად მღერის.
მოგვიანებით მოვსესიანმა გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველოს დატოვება მოუწია: "გამოვიქეცი, მალე ყველაფერს გიამბობთო".
ამავდროულად, 13 ოქტომბერს მისი Instagram-გვერდი (103 000 ხემომწერი) გაუქმდა, 14 ოქტომბერს აღდგა, თუმცა უკვე საქართველოს შესახებ ვიდეოებისა და პოსტების გარეშე, მოვსესიანის ტიკ-ტოკ-გვერდზე კი (945 000 ხელმომწერი) ხელმისაწვდომია ვიდეოს მხოლოდ ის ნაწილი, რომელზეც წარწერა «F*** Russia» ჩანს, მომღერლის მიერ მისი წაშლის მომენტი კი მოჭრილია.
ჟურნალისტებმა შსს-ს მიმართეს იმის გასარკვევად, ნამდვილად დატოვა თუ არა რუსეთის მოქალაქემ საქართველო, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ქართულმა ფეისბუქ-გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" კი ამასობაში იმის ამსახველი ვიდეო გამოდო, რომელზეც თბილისელები რუსეთის მიმართ კრიტიკულ წარწერას აღადგენენ და აცხადებენ, რომ "ამ ქვეყანაში რუსების მონობას არასდროს შეეგუებიან".


