პრემიერი– ტექნიკურ მთავრობაზე: "ამ გეგმას განხორციელება არ უწერია"
14/10/2024 10:17:40 პოლიტიკა
"რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი. ასეთ პირობებში ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არის ფარსი. არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იგი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ.
"ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - წერია „ქართულ ქარტიაში“.


