პრემიერი ამტკიცებს, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში "ოცნების" დარჩენის ფაქტმა "გლობალური ომის პარტია" გააღიზიანა
14/10/2024 10:06:33 პოლიტიკა
საქართველოს პრემირ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენის ფაქტმა "გლობალური ომის პარტია" გააღიზიანა. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ,მას ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუსვა: "თქვენ ბრძანეთ, რომ 2020 წელს ვიღაცები ეტყობა დარჩნენ გაღიზიანებული იმიტომ, რომ ჩვენ დავრჩით ისევ ხელისუფლებაშიო. ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს გულისხმობთ?".
"თქვენ იცით ვისაც ვგულისხმობ", – უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტს.
ჟურნლისტის დამატებით კითხვაზე, "გლობალურ ომის პარტიას"? კობახიძემ დადებითად უპასუხა.
"დიახ, "გლობალურ ომის პარტიას", – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე პრემიერმა აღნიშნა, რომ "ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს":
"შეიძლება, ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს კიდევ ერთხელ იტყვის ქართველი ხალხი უარს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ყველამ გაღიზიანების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი".


