
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
12/10/2024 13:01:05 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა ჩაუტარდათ.
დროებით დევნილ საზოგადოებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.